პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი 4 ივლისს გამოცხადდება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნით სიტყვები წარმოთქვეს. თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა რომ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ოქრუაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში, გამომძიებელი იმყოფებოდა და მას ახალი ბრალი გააცნო. ადვოკატის თქმით, ბრალი ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც ის დააკავეს.