ოპოზიციური სამეულის 31 კითხვა

31 კითხვა „ქართულ ოცნებას“.

სატელევიზიო დებატებზე უარის შემდეგ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე მმართველ პარტიას იმ შეკითხვებით მიმართავენ, რომლებიც, მათი აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეჭვქვეშ აყენებს. მიშელის შეთანხმების გაუქმება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების არჩევა, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირება, ნიკა გვარამიას დაკავება, ამერიკის საელჩოს მიმართ მწვავე განცხადებები და უკრაინელი მაღალჩინოსნების კრიტიკა ის საკითხებია, რომელთა გამო, როგორც მიმართვის ავტორები ამტკიცებენ, 2023 წლის ბოლოს საქართველო დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსზე უარს მიიღებს. სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გზავნილებს ნეგატიური რეაქცია მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს შორის არ გამოუწვევია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, რომლის პარტია რამდენიმე დღეს წინ საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირების არგუმენტით თეონა აქუბარდიამ დატოვა, დღეს ოპოზიციის რიგებიდანაც შეახსენეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვებას 12 რეკომენდაციაზე ერთობლივი მუშაობა და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში ჩართვა სჭირდება.