გაჩნდება თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა?- სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ახალი პარტიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მსჯელობის საგანია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელახალი არჩევნებისთვის მზადება ახალი სახეებით უნდა დაიწყოს. თავად ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი სალომე ზურაბიშვილის გეგმებია ბუნდოვანი. ზოგიერთი ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტების ჩამოყალიბება დემოკრატიული პროცესების თანმდევია და პროევროპული ფლანგის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საკითხს განსხვავებულად აფასებენ პარტია „გირჩში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ცრუ იმედების გავრცელებას უწოდებენ. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის იდეა რეალურად ქვეყნის გარედან მიღებული დაკვეთაა.