სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. შეკრება ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მანამდე ქალაქის მასშტაბით ეწყობა ავტომობილების მსვლელობა, აქციის მონაწილეები სიგნალებითა და დროშებით თბილისის ქუჩებში გადააგილდებიან. მთავარი შეკრება კი ღამით რესპუბლიკის მოედანზეა დაანონსებული. გეგმის მიხედვით, ისინი ღამეს გაათენებენ და ხვალ დაგეგმილ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ცესკო-ს შედეგებს არ აღიარებს არც „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა უცნობია მიიღებენ თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას პარტიის წევრები. ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ გახარია და მისი გუნდი პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხვალ რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან იდგება. ოპოზიციის პროტესტის ფონზე, დღის წესრიგის შეცვლას არ აპირებს „ქართული ოცნება“. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი დათქმულ დროს შეიკრიბება და პირველი სხდომაც ჩატარდება. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში გამოჩნდებიან.