ოპოზიციური პარტიების გეგმა

ერთი დღე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე და ოპოზიციის მზადება პროტესტისთვის. სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს საღამოს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. მანამდე ქალაქის მასშტაბით ეწყობა ავტომობილების მსვლელობა, აქციის მონაწილეები სიგნალებითა და დროშებით თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან. მთავარი შეკრება კი ღამით რესპუბლიკის მოედანზეა დაანონსებული. გეგმის მიხედვით, ისინი ღამეს გაათენებენ და ხვალ დაგეგმილ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ცესკო-ს შედეგებს არ აღიარებს არც „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა უცნობია მიიღებენ თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას პარტიის წევრები. ამ დროისთვის ცნობილია, ის რომ გახარია და მისი გუნდი პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხვალ რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან იდგება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი დათქმულ დროს შეიკრიბება და პირველი სხდომაც ჩატარდება. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში გამოჩნდებიან.