ოპოზიციური პარტიების გეგმა

ოპოზიციის ინიციატივას, რეზონანსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას ჩაუდგეს სათავეში, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. ამ საკითხზე ოპოზიციურ პოლიტიკურ აქტორებს შორის ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მართვის სადავეები პოლიტიკოსებმა უნდა გადაიბარონ, რაც მათივე კოლეგების ნაწილისთვის მისაღები არ არის. უმრავლესობაში კი ოპონენტების დესტრუქციულ ქმედებებზე და შესაძლო რევოლუციურ სცენარზე ამახვილებენ ყურადღებას.

შეგახსენებთ, რომ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის წინააღმდეგ ქუჩის აქციების მართვა თავის თავზე აიღოს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ინიციატივას არ უერთდება გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და პარტია „გირჩი“.

ხელისუფლების ოპონენტები აანონსებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის მეორე მოსმენის ჩანიშვნისთანავე, საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს კონკრეტული გეგმა არ წარუდგენიათ.