ოპოზიციური პარტიები არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაიზარდოს.

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა.

„იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ფორმალური პრეზენტაციის სახით წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ბარიერს და ამით დააფიქსირა საკუთარი მოლოდინი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი). ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც 15 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.