ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო

პირველი ოპოზიციური ალიანსი წინასაარჩევნოდ.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანებას გამარჯვების პლატფორმა დაარქვეს. ჯერ კიდევ ბოლო არჩევნების დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ყოფილ მმართველ პარტიასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავდა, თუმცა ახლა პოზიცია შეცვალა და გადაწყვეტილება ერთობაზე საზოგადოების დაკვეთით ახსნა. პარტიის რიგებში ძველი თანაგუნდელის დაბრუნებით კმაყოფილია მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, დიდი ალბათობით უკმაყოფილოა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფრთა, რომელიც გუშინდელ პრეზენტაციაზე არც მიიწვიეს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება მიუღებელი აღმოჩნდა ვაშაძის პოლიტიკური პარტნიორებისთვისაც – ელენე ხოშტარიასთან და ზურა გირჩი ჯაფარიძესთან ცოტა ხნის წინ შექმნილი ალიანსი დაიშალა. ახლა საინტერესოა, გამსხვილდება თუ არა ალიანსი, თუმცა ფაქტია, რომ ერთობისკენ ლევან ხაბეიშვილის მოწოდება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ერთობის პერსპექტივას მმართველი გუნდის გარდა ოპოზიციური სპექტრიც სკეპტიკურად უყურებს და მასში ხელისუფლების დამარცხების რესურსს ვერ ხედავს.