ოპოზიციური ალიანსის გეგმები 26 მაისს

21:30, 22.05.2026

უკვე მეორედ ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ დღის წესრიგს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღზე აგებენ. რა მიზანი აქვს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო შეკრებას – ორი თვის წინ ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსში არსებული შიდა დაპირისპირება აქციისთვის სამზადისის ფორმებშიც ჩანს. ალიანსის წევრი პოლიტიკური ძალები 26 მაისის დატვირთვას და მიზანს სხვადასხვანაირად განმარტავენ – ისევე როგორც განსხვავებულია სამოქმედო ტაქტიკის გარშემო ხედვები. თუ ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალების ნაწილი დამოუკიდებლობის დღეს საბრძოლო განწყობის დემონსტრირებას აანონსებს, რადიკალური ქმედებებისა და აქციების გაგრძელების მომხრეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილი. „ბოლომდე წასვლა, მიწოლა“ – ასეთი გზავნილები იკითხება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებში, რომელმაც შექმნის დღიდან ალიანსი პასიურობისა და ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ხედვას იზიარებენ მის პარტიაშიც, რომელიც 26 მაისის აქციისთვის სამზადისში ნაკლებადაა ჩართული და საორგანიზაციო შეხვედრებსაც პრაქტიკულად არ ესწრება. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აქცია უნივერსიტეტიდან დაიწყება და ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გაგრძელდება, სადაც პოლიტიკური გამოსვლებიც იგეგმება. ვინ დაიკავებს ტრიბუნას – სია ახლა იწერება, კონსულტაციები მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილთანაც, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პლატფორმის ლიდერად იქცა, თუმცა პასიურობის არგუმენტით ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, მალევე ექს-პრეზიდენტისგან დისტანცირდა.

თათია ტაბეშაძე არკვევდა, რა იგულისხმება 26 მაისისთვის დაანონსებულ მოულოდნელობებსა და განსხვავებული ტიპის შეკრებაში.

მსგავსი