ოპოზიციური ალიანსის გეგმა დამოუკიდებლობის დღეს

21:25, 25.05.2026

ორთვიანი სამზადისის დასასრული – ცხრა პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსი ხვალ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო შეკრებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ მზადების პროცესში ალიანსში შიდა დაპირისპირება გამწვავდა და წევრი პარტიები ურთიერთთავდასხმების რეჟიმში იყვნენ, ხვალინდელი აქციის ორგანიზატორები ერთიანობის დემონსტრირებას და პროტესტის ახალ საფეხურზე გადაყვანას აანონსებენ. უცნობია, რა იგულისხმება ახალ საფეხურში. თუმცა ცნობილია, რომ სამოქმედო ტაქტიკის გარშემო ალიანსის წევრებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. რადიკალიზმისკენ და რევოლუციისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მუდმივ მოწოდებებს გაერთიანების დანარჩენი წევრები არ ეთანხმებიან. ალიანსის სტრატეგიით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილის გზავნილია, რომ ხვალინდელი აქციის ორგანიზატორები ერთჯერადი ქმედებებით არ უნდა შემოიფარგლონ. გეგმის მიხედვით, იქნება ფეხით მსვლელობა პარლამენტამდე და სიტყვით გამოსვლები, თუმცა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ორგანიზატორებმა ტექნიკის და აპარატურის გამოყენების უფლებაზე უარი მიიღეს, რასაც ალიანსის წევრები არაკონსტიტუციურად აცხადებენ. პარტია „ახალის“ ლიდერმა დღეს თქვა, რომ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. თავის მხრივ საპროტესტო შეკრების ორგანიზატორებს აფრთხილებს ხელისუფლება, რომელიც, წინა წლების გამოცდილებით, ხვალინდელი შეკრების მიღმა პროვოკაციის გეგმას ხედავს.

მსგავსი