ოპოზიციური ალიანსის ლიდერები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან და მსვლელობით, რუსთაველისკენ უნდა დაიძრან. იქამდე კი – ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურ ალიანსს, პარლამენტის წინ ტექნიკური აღჭურვილობის შეტანის შესახებ ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი რომელშიც ხმის გამაძლიერებლები და მიკროფონი იყო, პოლიციამ წაიყვანა. ოპოზიციას ავტომობილი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ჰყავდა მობილიზებული. დღის პირველ ნახევარში, ალიანსის წევრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმყოფებოდნენ და პოლიციისგან ნებართვას ითხოვდნენ. სამართალდამცველთა ცნობით კი – ოპოზიციამ, მათ განცხადებით დაგვიანებით, გუშინ მიმართა, განხილვის ვადა კი – 5-დღიანია. ერთ საათში ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის მიმართულებით გაემართებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება აქცია, თუკი მათ ტექნიკური აღჭურვილობის შეტანის უფლება არ მიეცემათ.
ოპოზიციური ალიანსის დაგეგმილ აქციას ეხმაურება მმართველი გუნდი.