ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კონსულტაციები პრეზიდენტთან

კონსტიტუციის დარღვევაში დადანაშაულების მიუხედავად, პრეზიდენტი მთავრობასთან შეუთანხმებლად უცხოეთში ვიზიტებს, სავარაუდოდ ისევ გეგმავს.

ათონელის სასახლეში დღეს ოპოზიციის ქალი წარმომადგენლები მიიღეს. სასაუბრო თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. თუ შეხვედრის მონაწილეთა კომენტარებს დავეყრდნობით, სალომე ზურაბიშვილი ევროპული მხარდაჭერის გასაძლიერებლად კონკრეტულ მოქმედებებს აპირებს. შეცვლის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სამოქმედო სტრატეგიას – როგორც ირკვევა, საკუთარ გეგმას სახელმწიფოს მეთაური უახლოეს დღეებში წარმოადგენს. თუმცა, დღევანდელი განცხადებები სტრატეგიის შეცვლას ეჭვქვეშ აყენებს – განსაკუთრებით ნინო ლომჯარიას კომენტარი. პრეზიდენტის მიწვევით ათონელის სასახლეში მისული ყოფილი სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებული აქტივობები, მათ შორის, ერთობლივი უცხოური ვიზიტები დაიგეგმოს.