ოპოზიციონერი ლიდერები დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაწყებული. დაკითხვაზე უკვე დაიბარეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკუთარი ახლად შექმნილი პარტიის ლიდერებთან ერთად გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დააანონსა, რომ გამოკითხვაზე მოუწევთ მისვლა ნიკა მელიას და გიგი უგულავასაც.

ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხვაზე მისასვლელად 24-საათიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც მის პარტიაში განმარტავენ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ გუშინდელ მოვლენებზე დაწყებული ძიების ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელსაც 12 ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებაში სდებენ ბრალს.