ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქცია

დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გუშინ სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს.

რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსკენ ფეხით მსვლელობით გაგრძელდა. სწორედ პარლამენტთან დაიძაბა ვითარება. დემონსტრანტთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეკრებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე დროშებით ასვლა მოითხოვა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. იყო პოლიციის კორდონის გარღვევის არაერთი მცდელობა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროტესტის წინა ხაზზე ამჯერად პოლიტიკოსებიც აქტიურობდნენ. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც. მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივის დაკარგვის არგუმენტით აქციის მონაწილეებმა კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.