ოპოზიციის წერილი და ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი

ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიასაშუალებებით ვრცელდება.

აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძემ – 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს.

ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ. ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება.