ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე

ოპოზიციის ნაწილმა დაანონსებული გეგმა რეალობად აქცია. ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ სიებით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები მანდატების გაუქმებას ითხოვენ. შესაბამისი ინდივიდუალური განცხადებები უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბოიკოტს აგრძელებს, თუმცა ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებამდე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ „პატრიოტთა ალიანსი”“, „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილის პარტია. ახლა განცხადებების განხილვის იურიდიული პროცედურა იწყება, რაც დაახლოებით ერთ თვეს მოიცავს. არ არის გამორიცხული, რომ კენჭისყრაზე საკითხის გატანა საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ვერც მოესწროს.

საერთო ოპოზიციური ბოიკოტი ჩაიშალა აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ბლოკ ძალა ერთობაშიას სიით გასულმა „რესპუბლიკური პარტიის“ წამრომადგენელმა მანდატის გაუქმებაზე უარი თქვა, პარტია დატოვა და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.  ოპოზიციის გადაწყვეტლების მიუხედავად, დიალოგის რესურსს ჯერ ამოწურულად არ მიიჩნევენ მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩები,  თუმცა ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ  მანდატებზე უარის თქმით,  თამაში დასასრულისკენ მიდის.

დატოვე კომენტარი