ოპოზიციის თავდასხმა გერმანიის ელჩზე და პოლიტიკური შეფასებები დასავლეთიდან - ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ჰუბერტ ქნირში ტყუილში დაადანაშაულა და დიპლომატს გამოცდილება დაუწუნა, ევროკავშირის საპასუხო კრიტიკას არ იღებს

გერმანიის ელჩის მისამართით გაკეთებული მწვავე პოლიტიკური შეფასებების ავტორები უხერხულობას ვერ გრძნობენ.

ევროკავშირის რეზონანსულ გამოხმაურებას საკუთარ თავზე არცერთი ის პოლიტიკური ძალა არ იღებს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჰუბერტ ქნირშს დიპლომატიური გამოცდილება დაუწუნეს, შეცდომაში დასდეს ბრალი და თარგმნაში დაკარგული უწოდეს. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა გარკვეული პოლიტიკური აქტორების და მედია-საშუალებების ქმედებები ელჩზე თავდასხმად შეაფასა, ამ განცხადების ადრესატები დღეს იმავე რიტორიკით განაგრძობენ საუბარს. გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ფასილიტატორი ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან საარჩევნო სისტემის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი დეტალურად აღწერა და თქვა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.