25 ნოემბრის შემდეგ საკუთარი ელექტორატის კრიტიკის სამიზნედ ქცეული ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმებს აწყობს. უკვე გაჟღერებული ინიციატივები და მათი გაცნობის ფორმა ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს. საერთო მიზნად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ცხადდება, რისთვისაც პოლიტიკური აქტორები საპროტესტო აქციებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობასაც მიიჩნევენ საჭიროდ. თუმცა ფაქტია, რომ დასახული ამოცანების მიღწევა ოპოზიციურ სუბიექტებს სხვადასხვა გზით და ფორმით ესახებათ. მათ შორისაა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა – ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის, პირობითად სახალხო პარლამენტის შექმნის შესახებ, რომელიც დანარჩენი ოპოზიციისთვის, როგორც ჩანს, საინტერესო არ აღმოჩნდა. არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე, ამომრჩევლები ოპოზიციას ყველაზე ხშირად არათანმიმდევრულობის და კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებენ, რაც პარლამენტის შეკრების დღეს შენობასთან გამართული აქციის მონაწილეთა რაოდენობაშიც აისახა. ცალკეული განცხადებებით ირკვევა, რომ ოპოზიციონერ აქტორებს ელექტორატთან თავადაც აქვთ პრეტენზიები.