ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება

შეიტანს თუ არა პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგში ცვლილებებს „აი-არ-აის“ კვლევის შედეგების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილში აქტიურად ლაპარაკობენ შესაძლო გაერთიანებაზე, მათ შორის ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის აუცილებლობაზე ყურადღება გაამახვილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც თვლის, რომ უნდა შედგეს დიდი გაერთიანება პროდასავლურ ოპოზიციაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზად არის. ლევან ხაბეიშვილი ამბობს რომ ის მზადაა განიხილოს თანამშრომლობის ისეთი ფორმებიც, როგორიც შესაძლოა იყოს გაერთიანება ან საერთო საპარლამენტო სია. თუმცა, ლევან ხაბეიშვილის ამ განცხადების ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ერთიან სიაზე საუბარს ან კონსულტაციებს არ ადასტურებენ. ოპოზიციური ერთიანობის მომხრეა „სტრატეგია აღმაშენებელიც“. სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას არჩევნებისთვის სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, სადაც ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთან მეტი მუშაობა მართებთ.