ოპოზიციის შეკრება და გეგმები 

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებას ცდილობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გააქტიურებას და გაზაფხულიდან აქციების რეჟიმზე გადასვლას აანონსებს. „ლეიბორისტების“ ოფისში დღევანდელი კონსულტაციები არასრული შემადგენლობით წარიმართა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ზურა ჯაფარიძე და ალეკო ელისაშვილი. ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიტანილი ოთხი მოთხოვნის გარშემო პოზიციები ისევ გაყოფილია. მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს და დანარჩენ საკითხებს სწორედ მისი ქოლგის ქვეშ განიხილავს, ორად გახლეჩილი „გირჩის“ ნაწილი კი დისკუსიის დაწყებას ითხოვს კითხვაზე – შეიძლება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის რეფორმის გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე.

საყოველთაო  საპროტესტო აქციების განახლებასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში,  მშვიდობიან  რევოლუციას აანონსებს.  იგეგემება კიდევ ერთი დოკუმენტის შემუშავებაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები  შინაარსზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებენ.

ამ ფონზე „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ  უარგუმენტოდ დარჩენილ ოპოზიციას ისღა დარჩენია  რევოლუციაზე ისაუბროს,  რისი ობიექტური მოცემულობაც მმართველი გუნდის პოზიციით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს.