ოპოზიციის შეხვედრები დახურულ ფორმატში
დაანონსებულ მასშტაბურ შეკრებამდე ოპოზიციური ალიანსი რეგიონებში ამომრჩევლებს ხვდება, თუმცა შეხვედრები მედიისთვის დახურულია. დღეს მედია-საშუალებების წარმომადგენლებს კარისკენ მიუთითეს. როგორც ჩანს, ერთიანობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება, რადგან ელექტორატთან შეხვედრებს არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. სწორედ ამ პარტიის ლიდერის წერილებს და ალიანსის სამოქმედო გეგმის საჯარო კრიტიკას მოჰყვა
შიდა დაპირისპირება, რაც ურთიერთთავდასხმებსა და მძიმე ბრალდებებში გადაიზარდა. ცხრა პოლიტიკური ძალისგან ფორმირებული გაერთიანებისთვის ხელისუფლების შეცვლის გზა არჩევნებამდე პროტესტის ზრდით ვითარების გადატეხვაზე გადის. თუმცა ჩნდება კითხვა, შეინარჩუნებს თუ არა 26 მაისს დაგეგმილ შეკრებამდე ერთიანობას ალიანსი, რომლის წევრი პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ღიად ესხმიან თავს. შესაბამისად, თითქმის ყოველდღე ირღვევა საერთო წესებზე შეთანხმება, რომელიც ერთმანეთის თანასწორად მიღებას და ერთმანეთზე თავდასხმისგან თავშეკავებას გულისხმობს.