ოპოზიციის შეხვედრა პრეზიდენტთან

ოპოზიციის წარმომადგენლები ათონელის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი. ამასთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გენდერული კვოტების გაუქმების საკითხი განიხილეს და საქართველოს ევროპულ მომავალზე ილაპარაკეს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს. შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით მოეწყო. ოპოზიციასთან ერთად შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციის „გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ეკა გიგაურიც მონაწილეობდა.