ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

შეკრება წინანდალში.

კახეთში ოპოზიციონერი ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა. დავის საგანია შეკრების მიზანი. ორგანიზატორები და მონაწილეები ამტკიცებენ, რომ შეხვედრა დევნილების და ოკუპაციის თემის განხილვას ეძღვნებოდა. თუმცა, განმარტებები არადამაჯერებელია და საკუთარი ვერსია აქვს მმართველ პარტიას, რომელიც ცალკეული პოლიტიკური ძალების და მესამე სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ ვოიაჟს წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პოლიტიკურ გადაჯგუფებებს უკავშირებს, პარალელს ბაკურიანის შეკრებასთან ავლებს და შესაძლო რევოლუციური გეგმების დასახვასაც არ გამორიცხავს. 5%-ანი საარჩევნო ბარიერის პირობებში არჩევნების წინ ოპოზიციური ალიანსების და კოალიციების შექმნის აუცილებლობაზე განცხადებები უკვე კეთდება. „ქართული ოცნების“ ეჭვები შეხვედრაში დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელევიზიის წარმომადგენლის მონაწილეობამ კიდევ უფრო გაამყარა. ოპონენტები ხელისუფლების ვერსიას კონსპირაციად მიიჩნევენ.