ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციის ნაწილი ახალი ბრძოლის დაწყებას აანონსებს.

ამჯერად მთავარი სამოქმედო სტრატეგია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პუნქტს უკავშირდება. ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად დანარჩენ ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს აპირებს და უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მისაღები რეფორმების გამოქვეყნებას აანონსებს. ანალოგიური გზავნილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლამდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას გამორიცხავს და სტატუსისთვის ბრძოლასთან ერთად საკუთარი დღის წესრიგის კიდევ ერთ მთავარ ამოცანად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აცხადებს. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელია 12 პუნქტის გარშემო იმ ოპოზიციური ძალების ახლა გააქტიურება, რომლებიც რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ამ მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნენ. ფაქტია, რომ 12 პუნქტის გარშემო ერთად მუშაობისკენ უცხოელი პარტნიორების მიერ არაერთხელ გაჟღერებული და წინა კვირის მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურებული მოწოდება ამ დრომდე მოწოდებად რჩება.