ოპოზიციის საარჩევნო გეგმა და კანდიდატები 

რამდენიმეთვიანი კონსულტაციები დასრულებულია – თბილისის მერობისთვის ირაკლი კუპრაძე იბრძოლებს. დაპირებული არაპარტიული კანდიდატის ნაცვლად ხაზარაძე-გახარიას ალიანსმა მხარდამჭერებს  პარტია „ლელოს“ წევრი  ირაკლი კუპრაძე   წარუდგინა.  კახა კალაძის მოწინაღმდეგესთან ერთად, დასახელდნენ ვიცე მერობის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. რიყეზე შეკრებილ მხარდამჭერებს გააცნეს ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც, რაც ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ „თბილისის გამოგლეჯას“ გულისხმობს. თუმცა, აქვს თუ არა ამ  დაპირებას შესრულების პერსპექტივა? – კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვთ მმართველ გუნდში, სადაც გამარჯვებას 64-ივე მუნიციპალიტეტში პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი ხაზარაძე-გახარიას პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი, ინტერესდება თუ რატომ ვერ მოხერხდა არაპარტიული კანდიდატის დასახელება.