ოპოზიციის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე 

21:10, 17.08.2026

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული რეზონანსული განცხადებები არ წყდება. გიორგი ბარამიძის და სალომე სამადაშვილის შემდეგ ვნებათაღელვა და მძიმე რეაქციები ამჯერად ნიკა გვარამიას სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა.
გადაცემაში, რომელიც აფხაზეთის ომს ეძღვნებოდა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარალელები სომხეთთან გაავლო. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა სომხეთის პრემიერი რუსეთისგან დისტანცირების, განვითარებაზე ორიენტირების და ტრავმული მეხსიერებისგან გათავისუფლების მაგალითად მოიყვანა და სწორედ ამ კონტექსტში აზერბაიჯან-თურქეთთან ურთიერთობების დალაგების სანაცვლოდ არარატის და ყარაბაღის დათმობაზე ისაუბრა. სრულიად სხვა ისტორიულ მოცემულობასთან პარალელის გავლებას მძაფრი რეაქციები მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში არ გამოუწვევია. განცხადებაში ხელისუფლებამ, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილმა, ეკონომიკური წინსვლის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დათმობის სურვილი ამოიკითხა. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრს განცხადება ოპოზიციის ნაწილმაც არ მოუწონა. მწვავე კრიტიკის და ნეგატიური გამოხმაურების ფონზე გვარამიას განმარტების გაკეთება დასჭირდა. გზავნილები, რომლებიც აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი აქტორებისგან ბოლო პერიოდში ჟღერდება, საერთო კამპანიის ნაწილად და დავალებად ფასდება მმართველი გუნდის მხრიდან.
​თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.

 

მსგავსი