ოპოზიციის პოლიტიკური პარტნიორები და სამოქმედო გეგმა

საქმე, რომელსაც მელიას ედავებიან, 2019 წლის 20 ივნისიდან იღებს სათავეს.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვის შემდეგ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში ბრალდებულ მელიას გირაოს თანხა ერთხელ გადახდილი აქვს, თუმცა გირაოსთან ერთად დამაგრებული ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილი თანხის დაფარვას აღარ აპირებს, რის გამოც პატიმრობა ემუქრება. ახლა მელია თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლებას სერგეი გავრილოვის დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიისთვის კი სწორედ გავრილოვია ოპონენტების მთავარი პარტნიორი. „ქართული ოცნებისთვის“ საეჭვოა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომამდე საათებით ადრე ორი ტელე-კომპანია დუმის დეპუტატს ერთდროულად დაუკავშირდა, სატელეფონო ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას კი მელიამ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, არის თუ არა მელიას საქმე და პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილი და ემზადებიან თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალები რევოლუციური სცენარისთვის, რაზეც პირდაპირი მინიშნებები არაერთხელ გაკეთდა.