ოპოზიციის პოლიტიკური ერთობის ახალი გეგმა

ოპოზიციურ ფლანგზე ახალი გაერთიანების კონტურები ჩნდება.

გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე დანარჩენ ოპოზიციას პროდასავლური პლატფორმის გარშემო გაერთიანებას სთავაზობენ. კოორდინაციის და საერთო სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე იდეის ავტორები ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის ერთობლივი წერილის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა პრაქტიკულად არ აქვს. თუმცა, ახალი პლატფორმის გარშემო გაერთიანების წინადადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება და სკეპტიციზმი მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა – ლიდერთა ნაწილი სხვა პარტიებთან შერწყმას თუ საერთო საარჩევნო სიის შედგენას არც კი განიხილავს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის მიმართ უნდობლობა აქვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, თუმცა მათ მოსასმენად მზად არის. გაკეთდა უფრო მძიმე შეფასებებიც.