ოპოზიციის ორი სტრატეგია

ალტერნატიული ჯგუფები და ერთად მუშაობის ნაცვლად, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გეგმები: ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ისევ ვერ თანხმდება. სამი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფებისგან დისტანცირებული რჩება და 12 პუნქტის აღსრულების ალტერნატიულ პროექტებს ამზადებს. ისმის კონკრეტული მოწოდებებიც. ამჯერად „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისგან, რომელიც მანდატზე უარის თქმისა და პარლამენტის დატოვების შემდეგ, ოპოზიციას სექტემბრიდან ქუჩაში გასვლისკენ, დაუმორჩილებლობის, პარალიზებისა და საბოტაჟისკენ მოუწოდებს. მის ვიდეომიმართვაში ისმის კრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციის მისამართითაც. ბრძოლის ახალი ფორმის შეთავაზებაზე გამოხმაურება არაერთგვაროვანია.