ოპოზიციის ნაწილის უჩვეულო ბოიკოტი

ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის არგუმენტით „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ ბოიკოტს წყვეტს.

გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიიღო და მის გადახედვას კატეგორიულად გამორიცხავდა, დროებითი აღმოჩნდა. ეს ის საკითხია, რომელზეც გუნდში მუდმივად აზრთა სხვადასხვაობა იყო, სწორედ განსხვავებული პოზიციის გამო დატოვა პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ჯერ ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი, შემდეგ კი – საერთოდ პარტია. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საპარლამენტო განხილვებში აქტიურად ჩართვას აანონსებენ, თუმცა ირკვევა, რომ ბოიკოტი, როგორც პროტესტის ინსტრუმენტი, ცალკეულ საკითხებზე ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდება.

ანალოგიური სტრატეგია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელსაც“, რომელიც 12 რეკომენდაციის გარდა არც ერთი სხვა საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს. არათანმიმდევრული ნაბიჯების, შერჩევითი პროტესტის და თემატური ბოიკოტის გამო ორივე პარტია მმართველი გუნდის გარდა კრიტიკას დანარჩენი ოპოზიციისგანაც იღებს.