ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს

თბილისის მერობის კანდიდატს ჯერ ისევ არჩევს ორი ოპოზიციური პარტია. „ლელო“ და გიორგი გახარიას გუნდი საარჩევნო მემორანდუმის ფარგლებში კონსულტაციების აქტიურ ფაზაში არიან. აქცენტი ნეიტრალურ კანდიდატურაზე კეთდება, თუმცა არც პარტიული კანდიდატის წარდგენა გამოირიცხება. ორივე პოლიტიკურ ძალას მოღალატეობრივ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს დანარჩენი ოპოზიცია, რომლისთვისაც ხელისუფლების შეცვლის და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტზე, „ქართული ოცნების“ იზოლაციასა და საერთაშორისო ზეწოლის გაზრდაზე გადის. თუმცა ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე ვერც ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური აქტორები თანხმდებიან. სანამ ცალკეული პარტიები თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების კამპანიას გეგმავენ, 4 ოქტომბერს ეროვნული კრების ჩატარებას და ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობას აანონსებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი და სალომე ზურაბიშვილის აქტივობებით უკმაყოფილო პაატა ბურჭულაძე, რომელსაც წინააღმდეგობის პლატფორმის ალტერნატიული ფორმატი აქვს შექმნილი. ბურჭულაძის მსგავსად, მშვიდობიანი დამხობის შესახებ განცხადებების გამო კრიტიკის ადრესატი ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც ირიბად საკუთარი გუნდიდანაც აკრიტიკებენ.