ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებს

21:17, 01.08.2025

მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები დიდი ალბათობით ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის. კონსულტაციების შემდეგ მერობის საერთო კანდიდატის წარსადგენად ემზადებიან გიორგი გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები. დანარჩენი ოპოზიციური ძალები კი ბოიკოტირების კამპანიას გეგმავენ, თუმცა პოზიციები ბოიკოტის მომხრე ძალებს შორისაც გაყოფილია. სალომე ზურაბიშვილის აქტივობებით და მის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმით უკმაყოფილო პაატა ბურჭულაძე მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ სახელით 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის სახით აქტიური მხარდამჭერიც ჰყავს. ლევან ხაბეიშვილის მხრიდან მშვიდობიანი დამხობის გეგმა სულ უფრო ხშირად ჟღერდება, თუმცა როგორც ჩანს, მისივე პარტიის ლიდერების ნაწილისთვის ბურჭულაძე-ხაბეიშვილის გეგმა მიუღებელია, რის გამოც თანაგუნდელს საჯაროდ მიუთითეს, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ცხადდება. გეგმას აკრიტიკებს ელენე ხოშტარიაც, რომელიც ირიბი კრიტიკის შემდეგ დღეს ხაბეიშვილს პირადად შეხვდა. ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის არ არსებობა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ აქტორებსაც აწუხებთ. ერთობისკენ მოწოდება ციხიდან დღესაც გაკეთდა, თუმცა რეაგირება არც ამჯერად მოჰყოლია.

მსგავსი