ოპოზიციის მთავარი აქტორები კვოტებს ინაწილებენ - რას სთავაზობენ დანარჩენ პარტიებს თბილისის მაჟორიტარულ მარათონში და დაშლის თუ არა ლიდერთა ამბიციები ოპოზიციურ გაერთიანებას

მოლაპარაკებათა მაგიდის ნაცვლად, ერთმანეთთან ბრიფინგების ფორმით საუბრის და უთანხმოების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა რიტორიკა შეცვალეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დათმობის პოლიტიკა დანარჩენი ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა. დაძაბულობა გარკვეულწილად განმუხტა ინიციატივამ, რომლის მიხედვით პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატებს მხოლოდ ორ ოლქში წარადგენს. ახლა საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა დანარჩენი ოპოზიციური ძალები შეთანხმებას ექვს ოლქზე, რომელიც დარჩენილმა 29 პარტიამ უნდა გაიყოს. სწორედ თბილისსა და დიდ ქალაქებში ერთობაზე აკეთებს ოპოზიცია მთავარ აქცენტს. შესათანხმებლად დრო ცოტა რჩება, ერთობლივი კონსულტაციები კი ამ დრომდე არ დაწყებულა.

პოზიციების ერთგვარი დათმობის  მიუხედავად „ნაციონლაური მოძრაობა“ ითხოვს, რომ სხვა პარტიებმა კანდიდატები მათთან კონსულტაციის შედეგად შეარჩიონ. ჯერ-ჯერობით დედაქალაქის მთავარ უბნებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშრებით მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორამცია და ვერსიები  ვრცელდება. თბილისის გარდა გაერთიანებულ ოპოზიციას იგივე პროცედურების გავლა და კონკრეტულ გვარებზე შეთანხმება რეგიონებშიც მოუწევს.