ოპოზიციის მორიგი ახალი გეგმა ძველი სცენარით
არაერთგზის ნაცადი სტრატეგია და გეგმა, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ახალი არ არის – ცოტა ხნის წინ ფორმირებული ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს.
შეხვედრები მოსახლეობასთან, გასვლა რეგიონებში და ორი თვის შემდეგ, 26 მაისს თბილისში მასშტაბური შეკრება – ასეთია გეგმა, რომლის კულმინაციად ავტორები სწორედ დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებულ აქციას ასახელებენ. ხელისუფლების ცვლილების გზა ალიანსში გაწევრიანებული პოლიტიკური ძალებისთვის მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე, პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდაზე და ერთიანობაზე გადის. კამპანიაში ჩართვას ალიანსი პოლიტიკურთან ერთად სამოქალაქო ჯგუფებსაც სთავაზობს. თუმცა, როგორც ჩანს, სტრატეგია ქვეყნის შიგნით ელექტორატის ზრდასთან ერთად საგარეო კუთხით აქტივობების გაძლიერებასაც გულისხმობს – ალიანსის ცალკეული ლიდერების მხრიდან დაანონსდა ვიზიტები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ოპოზიციურ ალიანსს მიღმა მყოფმა ოპოზიციურმა ძალებმა დღეს წარდგენილ გეგმაში ახალი ვერაფერი ამოიკითხეს. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი კამპანიის უშედეგოდ დასრულებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდიც, რომელიც პროვოკაციულ გეგმაზე საუბრობს და ამ კონტექსტში აქცენტს შეკრების თარიღად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის შერჩევაზე აკეთებს.