ოპოზიციის ლიდერები ევროპარლამენტში - შეფასებები

საქართველოსთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტი რეზოლუციის ორ პროექტს უყრის კენჭს.

ერთი წარდგენილია „სახალხო პარტიის“ 20 დეპუტატის მიერ. მეორეს ავტორი კი „მემარცხენე ჯგუფის“ სახელით იტალიელი დეპუტატია. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისაგან ისევ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. პროექტის ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული არჩევნების არ აღიარებისკენ მოუწოდებენ და ასევე პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე. სანქციების დაწესებას ითხოვენ ასევე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროპარლამენტში განსახილველი მეორე რეზოლუცია კი მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის განხილვამდე ევროპარლამენტში კონსულტაციებს მართავენ ოპოზიციის ლიდერები, ნიკა გვარამია და თინა ბოკუჩავა.