ოპოზიციის გეგმები თვითმმართველობის არჩევნებში 

თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი გამყოფი ხაზი აღმოჩნდა ოპოზიციური ფლანგისთვის.

ყოფილი პრემიერის განცხადების გამო გიორგი გახარიას პარტია მწვავე კრიტიკის სამიზნედ არის ქცეული. ოპოზიციაში წასული მთავრობის ყოფილი მეთაური ადასტურებს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკოსს, რომელსაც საპარლამენტო მანდატების უარის არ თქმის და ფორმალურად საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის გამო ხელისუფლებასთან მოკავშირეობაზე ხშირად მიუთითებენ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკრიტიკებენ. კრიტიკას არ აკლებენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ „ახლებიც“, სადაც გახარიას გარდა ეჭვები სხვა პოლიტიკური ძალების მიმართაც აქვთ. არ კონკრეტდება, იგულისხმება თუ არა ამ ძალებს შორის მამუკა ხაზარაძის პარტია, რომლის წევრებს მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი დღემდე არ გაუციათ. გარკვეულ ეჭვებს აჩენს ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების ორაზროვანი განცხადებებიც. სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, იქნება თუ არა ექს-პრემიერის გუნდი საარჩევნო მარათონში ჩართული ერთადერთი ოპოზიციური ძალა.