ოპოზიციის გეგმები - გამოხმაურება

რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი სამოქმედო გეგმა, – შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ამ დროისთვის უცნობია. როგორც თავად პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვის საგანია. ამასთან, გრძელდება ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები. გუშინდელ საკოორდინაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროტესტის ფორმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებს. ოპოზიცია სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ერთად, ისმის კონკრეტული მოწოდებებიც. მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საჭიროა სექტორული ეკონომიკური სანქციები, მისივე განმარტებით, უნდა შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ასევე ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი კონკრეტული პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უცხო ქვეყნებში მიმოსვლის შესაძლებლობის შეზღუდვაზე საუბრობს. აღნიშნულს პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები უკვე მოჰყვა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები უცხოეთიდან არის ნაკარნახევი. ,,ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, ოპონენტების შანსები ნულის ტოლია.