თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ უთანხმოების მიზეზია ოპოზიციურ პარტიებში, ამჯერად, გიორგი გახარიას განცხადების გამო. როგორც პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, ის ემზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში იმსჯელებენ, თუ ის მოთხოვნები შესრულდება, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აყენებენ – საუბარია ახალი საპარლამენტო არჩევნების ახალი პირობებით ჩატარებასა და პატიმრების გათავისუფლებაზე. თავის მხრივ, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.