ოპოზიციის გეგმები და კონსულტაციები დახურულ ფორმატში

21:33, 24.12.2025

ოპოზიციურ დღის წესრიგში გაერთიანების იდეა კიდევ ერთხელ ბრუნდება. უკვე არაერთხელ ერთ მაგიდასთან მსხდომი, შემდეგ მწვავედ დაპირისპირებული და ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადასული პარტიების ერთიან ფრონტად გარდაქმნას, ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს. ციხიდან, ცოტა ხნის წინ გამოსულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განზრახვის რეალობად ქცევისთვის პირველი შეხვედრები უკვე გამართა. კონსულტაციები „ლელოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედგა. რამდენად მოხერხდება საარჩევნო ბოიკოტის დარღვევის გამო, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაპირისპირებული ამ ორი პარტიის, ერთი პლატფორმის გარშემო გაერთიანება, ამას დრო აჩვენებს, მანამდე კი ცნობილია, რომ ახალ ერთობაში ცალსახად არ იქნება გახარიას გუნდი. ყოფილი პრემიერის პარტია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერ კავშირს წყალგამყოფად აცხადებს. შეხვედრა ანონსდება ყოფილ პრეზიდენტთანაც, რა პასუხს გასცემს ზურაბ ჯაფარიძეს სალომე ზურაბიშვილი, ეს ალბათ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ერთი იდეის ყოფილი და მოქმედი ავტორი კონსულტაციებს გამართავენ. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ოპოზიციური გაერთიანების მორიგი მცდელობა, ხელისუფლება ოპონენტების წარუმატებლობაში დარწმუნებულია.

მსგავსი