ოპოზიციის გეგმები

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა – იდეის ავტორი ამჯერად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სწორედ ოპოზიციური სუბიექტების გაერთიანებას და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით ერთიანი პლატფორმის შექმნას მიიჩნევს. ვაშაძე საერთო ოპოზიციური ერთობის ფორმირებას საერთაშორისო პარტნიორების გზავნილადაც წარმოადგენს. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში დისკუსიის საგანი. ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ საერთოდ არ გამართულა. ფაქტია ისიც, რომ წინასაარჩევნოდ სწორედ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაერთიანებისკენ არაერთი მოწოდება, მოწოდებად დარჩა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ერთიანობის გზავნილები იკითხებოდა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებშიც.