ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციური სპექტრი ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ერთიან სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს. დეპუტატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გართულდება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა და მათი გეგმა ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრების გარდა, საპროტესტო აქციებსაც მოიცავს. მანამდე კი მათი ნაწილი დღეს დაანონსებულ, მედიის მხარდამჭერ აქციას უერთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მანდატების დატოვება და პარლამენტიდან გასვლაა, რასაც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.