ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი წინასაარჩევნო სამზადისშია. ნაწილი კი კვლავ მასშტაბურ აქციასა და „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმაზე საუბრობს. მათი განცხადებით, არჩევნების დღეს პროტესტი სამ სხვადასხვა ადგილზე წარიმართება. იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც. პაატა ბურჭულაძემ ასევე დააზუსტა, რომ ოპოზიციას 20 საათისთვის ხელისუფლება უკვე გადაბარებული უნდა ჰქონდეს. ამ გეგმას ეხმაურებიან სხვა ოპოზიციური პარტიები და მსგავს განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ. „მშვიდობიანი რევოლუციის“ გეგმას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა გიორგი გახარია: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ ეს დღე უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის, რევოლუციის დღე, მაშინ, როცა ამ რევოლუციის არანაირი რესურსი არ გაქვს, ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის სწორედ დამატებითი ლეგიტიმაციის ჩუქება „ოცნებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.