2020 წლის სცენარი განმეორდა. სამი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო სიები ჩახსნილია.
ცესკო-მ შესაბამისი განაცხადები ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა. თუმცა მანდატების დატოვების მოთხოვნით ამ წუთამდე პარლამენტში მხოლოდ ერთი, გიორგი ვაშაძის განცხადებაა გაგზავნილი – ისიც ელექტრონული ფორმით. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ – ბერიერგადალახული სამი სუბიექტი სიების ჩახსნის შემდეგ მანდატებზე უარსაც აანონსებს, რისთვისაც ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა ცალ-ცალკე უნდა დაწერონ განცხადებები. დღევანდელი კომენტარებით გაურკვეველია, თუ როდის მიმართავენ ოპოზიციური ალიანსები ამ პროცედურას. გარკვეულია გიორგი გახარიას პოზიცია. ყოფილი პრემიერი და მისი გუნდი სიების ჩახსნისგან და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისგან ჯერ თავს იკავებს. გაფორმდება თუ არა არჩევნების შემდეგ გაკეთებული ზეპირი განცხადებები ოფიციალურად – პარლამენტის პირველი სხდომის და 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მანდატზე უარის განაცხადი იურიდიულ ძალას შეიძენს. თუმცა ოპონენტების მოქმედების ტაქტიკა ხელისუფლებას ოთხი წლის წინანდელი სიტუაციის გამეორების მოლოდინს უჩენს.