ოპოზიციის გეგმა - გაერთიანების მორიგი მცდელობა  

ერთიანობიდან დაპირისპირების რეჟიმში გადასული ოპოზიცია, ბოლო პერიოდში ისევ ერთიანობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ხელისუფლების ცვლილების გზა, რომ საერთო სტრატეგიასა და ერთობლივ ქმედებებშია ამაზე სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია მიანიშნებს, მაგრამ სტრატეგია ან კონკრეტული გეგმა ჯერ ისევ არ არსებობს. ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის შეთავაზებით ცოტა ხნის წინ სხვა პარტიებს „ლელოდან“ მოუწოდეს, თუმცა ისიც დააკონკრეტეს, რომ გაერთიანებას არავისთან გეგმავენ და პოზიციონირებას დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად აგრძელებენ. ერთიანი ფრონტის აუცილებლობაზე საუბრობს საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ნიკა გვარამიაც. ვის რისი დათმობა მოუწევს და იქნება თუ არა წარმატებული გაერთიანების მორიგი მცდელობა. ამ კითხვებზე პასუხი სავარაუდოდ იმ დოკუმენტმა უნდა გასცეს, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და რომლის შინაარსსაც ოპოზიცია ჯერ არ ასაჯაროებს.