ზეპირი განცხადებების შემდეგ, ოფიციალურად როდის მიმართავს ოპოზიცია პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, უცნობია. ხელისუფლება მათი ოპონენტებისგან პოზიციის წერილობით დადასტურებას ელოდება. პარლამენტისა და მისი 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნობილია. შესაბამისად, ახლადარჩეულ წევრებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ, მანდატებზე უარის თქმის უფლება უკვე აქვთ, რისთვისაც მათ საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ელექტრონული ფორმით უკვე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ანალოგიურ გადაწყვეტილებას აანონსებს მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციაც, რომელმაც „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შესაბამისი განაცხადები მაშინ დაწერა, როცა პარლამენტის უფლებამოსილება ჯერ არ იყო ცნობილი. უცნობია „ძლიერი საქართველოს“ გეგმა, რომელიც მანამდე ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმის ერთიან სტრატეგიას სთავაზობდა. დუმს გახარიას პარტიაც, რომელიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, თუმცა ფაქტია, რომ ექსპრემიერის გუნდი ამ ნაწილშიც დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებული სტრატეგიით მოქმედებს. „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ სცენარი 2020 წლის იდენტური აღმოჩნდება და ოპონენტების უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში ადგილს მალე დაიკავებს.