ოპოზიციის გეგმა და საერთაშორისო გრანტების როლი 

საერთაშორისო ზეწოლის ზრდის და შიდა პოლიტიკური მღელვარების ფონზე მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას.

ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გააუმჯობესებს. შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები უკვე გახდა ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების თემა. რამდენიმე პარტიას მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, რის გამოც დანარჩენი ოპოზიციის კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ. მაშინ, როცა პოლიტიკური აქტორების ნაწილი საარჩევნო მარათონში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. კეთდება ორაზროვანი განცხადებები, რაც გარკვეულ ეჭვებს ამყარებს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნის და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლებისთვის გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეები ჯერ განეიტრალებული არ არის. სწორედ ამ საფრთხეებით ხსნიან გრანტების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია. ხელისუფლების თანხმობის გარეშე უცხოური წყაროსგან გრანტის მიღება იკრძალება.