ოპოზიციის გეგმა და მანდატების დათმობის საკითხი
ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა როდის აპირებენ დეპუტატები მანდატების დატოვებას, – ამ კითხვაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. ოპოზიციის წევრი 61 დეპუტატიდან ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს დაწერილი მანდატის დატოვების მოთხოვნაზე ოფიციალური განცხადება . „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე ელექტრონული ფოსტით მიმართა. სიების ჩახსნა მოითხოვეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა, თუმცა მხოლოდ მათი, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს”, მათაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე წუთის წინ უკვე მიმართეს ცესკო-ს სიების ჩახსნის მოთხოვნით, თუმცა ასევე მხოლოდ იმ პირების, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა. რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას, პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ, თუმცა მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როდესაც გადაწყვეტენ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი.