ოპოზიციის გეგმა აქციიდან აქციამდე
დაანონსებული მასშტაბური აქცია რეალობად ვერ იქცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული და ფეხით მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელებული საპროტესტო აქციის მასშტაბით უკმაყოფილებას ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების ნაწილიც არ მალავს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შესული სარჩელის განსახილველად პროცესები ჩაინიშნა. თუმცა, ასაკრძალთა სიაში შესული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა გუშინდელი რაოდენობა არცთუ დიდი აღმოჩნდა, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს განმარტებების კეთება უწევს. მათ შორის იმაზეც, არის თუ არა მიზეზი თავად ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები და ოპოზიციური სპექტრის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულება. რატომ არ იყო მასშტაბი დაანონსებულის მსგავსი – პოლიტიკოსები სხვადასხვა ფაქტორზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ, რომ გუშინდელი დღე პროტესტის მხოლოდ დასაწყისია. ამჯერად გათვლა უკვე 28 ნოემბერზე კეთდება. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ხმაურიანი პროცესების და მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე გუშინდელი დღე მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა ზრდის ნაცვლად, მცირდება.