ოპოზიციის გეგმა

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები პარლამენტში შეხვედრებს თითქმის ყოველდღიურად მართავენ, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებს კვლავ არ უერთდება სამი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისთვის ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში მუშაობენ. როგორც ამ პარტიებში ამბობენ, მათ უკვე შემუშავებული აქვთ ინიციატივები მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიმართულებით და აგრძელებენ მუშაობას სხვა მიმართულებებზეც. ოპოზიციის ამ ნაწილის განცხადებით, შემუშავებულ ინიციატივებს ისინი საკანონმდებლო ორგანოს სექტემბერში წარუდგენენ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს არ უერთდებიან, მზად არიან საკომიტეტო მოსმენებისას იმსჯელონ მათ მიერ შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამბობენ, რომ თუ მათთვის მისაღები და რეკომენდაციებთან სრულად თავსებადი იქნება, მზად იქნებიან მხარი დაუჭირონ.