ოპოზიციის გეგმა
 „კოალიცია ცვლილებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართავს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძესა და სხვა ოფიციალურ პირებს და მიიღონ „მეგობარი აქტი“. როგორც ღია წერილშია აღნიშნული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. ამიტომ, კოალიციის განმარტებით, ისინი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები.
აქვს თუ არა ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინტერესი და რა მიზნით – უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ეს ინტერესი მართლაც არსებობს და მიზეზი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წამოწყებაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნარატივი არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, არამედ ქვეყანაში ვითარების გაუარესებაზე გადის.